Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელ-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს ვერ შედგება


მარცხნიდან: ილჰამ ალიევი, აზრებაიჯანის პრეზიდენტი; შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; ნიკოლ ფაშიანიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
მარცხნიდან: ილჰამ ალიევი, აზრებაიჯანის პრეზიდენტი; შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; ნიკოლ ფაშიანიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ოქტომბრის ბოლოს არ შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა, რომელიც დისტანციურად მონაწილეობდა ერევანში ორგანიზაცია „APRI Armenia -ს" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით: „პროგრესი გაურკვევლობაში“.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის ნაკლებობა დაასახელა.

"ჩვენი მიზანია, ყარაბაღელი სომხები სახლებს დაუბრუნდნენ, ხაზს ვუსვამთ გრანადაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობას, რომელშიც ალიევი არ მონაწილეობდა. ჩვენ ახლა ვცდილობთ ბრიუსელში ფაშინიან-ალიევის შეხვედრის ორგანიზებას“, - თქვა კლაარმა, შესაძლო ახალი თარიღის დაუზუსტებლად.

„მიუხედავად ნელი პროცესისა, ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი იქნება დოკუმენტის ხელმოწერა“, - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

„3+3“ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც ორი დღის წინ თეირანში თურქეთის, ირანის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა (ქართული მხარე არ მონაწილეობდა), კლაარმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი პრობლემას ვერ ჭრის, შეიძლება სასარგებლო იყოს - "არანაირი წინააღმდეგობა არ არის".

ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში შესაძლო სამმხრივი შეხვედრის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოაცხადა გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. თვის დასაწყისში გამართულ ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა.

სექტემბერში 24-საათიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე, რამაც გამოიწვია 120 000 ეთნიკური სომხის უმეტესი ნაწილის გადასახლება სომხეთში.

ბოლოს ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აგვისტოში გაცვალეს. რამდენჯერმე რედაქტირებული დოკუმენტის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო 5 ოქტომბერს.

XS
SM
MD
LG