Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბინები უცხოეთში მყოფმა ქართველებმა უნდა შეიძინონ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს "7 ნოემბრის საქმის" განხილვის სხდომაზე. 27 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" ერთვება სასამართლოს "7 ნოემბრის საქმის" განხილვის სხდომაზე. 27 ოქტომბერი, 2023 წელი

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების კუთვნილ ქონებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ერთწლიანი ვადა უნდა მიეცეთ საკუთრებაში არსებული ბინების გასაყიდად, შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით, ეს ქონება უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინონ.

„პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და პირადი საკუთრების გაძლიერებულ დაცვას ვაპირებ, მაგრამ რაც შეეხება რუსებს, მათ უნდა მიეცეთ ერთი წელი, რომ გაყიდონ თავიანთი ბინები. უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა და უცხოეთში მყოფ ქართველებს აყიდინონ შეღავათიან ფასებში სახელმწიფოს დახმარებით ეს ბინები და ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის იმ კერძო საკუთრების ხარჯზე, რომელიც რუსებს გააჩნიათ დღეს. რუსების გრძელვადიანი მომავალი ვერ იქნება საქართველოში. სანამ ვართ ამ მდგომარეობაში, როცა რუსეთი ოკუპანტია, შეუძლებელია ეს არ განიხილებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას.

მისი თქმით, „ეს რუსები თავის ბიზნესებს იკეთებენ, თავის დახურულ წრეებს იკეთებენ, თავისი რესტორნები აქვთ, თავისი სასტუმროები, თავის სამშენებლო კომპანიები აქვთ და ქართველები ამ ბიზნესიდან გარიყული არიან“.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, ყველა სხვა უცხოელ ინვესტორს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, დასაქმებული მუშახელის 90% იყოს საქართველოს მოქალაქე.

2023 წლის პირველ სამ თვეში, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5332 ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს. მათი უმეტესობა ინდ. მეწარმის სტატუსით რეგისტრირდება. ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან მხოლოდ 8 არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 200-მდე კი - შპს, ყველა დანარჩენი ინდ. მეწარმის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
რუსეთის მოქალაქეების ახალი ბიზნესი საქართველოში დარეგისტრირდა 2022 წლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ე.წ 7 ნოემბრის საქმის განხილვა. „7 ნოემბრის საქმე” ამ დღეს გამართული მიტინგის დარბევას, „იმედში” შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას” აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ საქმეში ბრალდებული არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "7 ნოემბრის საქმის" გარდა, კიდევ ორი საქმეა აღძრული.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

XS
SM
MD
LG