დღეს დილით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
მანამდე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავშესაფრებში გადავიდნენ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტა ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თანახმად, სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო ოდესის რაიონში მდებარე გემების სარემონტო ქარხანა. კიპერის ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 2 ადამიანი.
რუსეთის არმია უკრაინის ოდესის ოლქს, განსაკუთრებით მის საპორტო ინფრასტრუქტურას, ხშირად უტევს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.