Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორის სამხრეთში ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი კოლონა შევიდა


საილუსტრაციო ფოტო: ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის მოლოდინში. 16 ოქტომბერი, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის მოლოდინში. 16 ოქტომბერი, 2023 წელი

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ბიუროს ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთში, რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით, ეგვიპტიდან შევიდა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 33 სატვირთო ავტომანქანა.

მანქანები დატვირთულია წყლით, სურსათით და სამედიცინო საქონლით.

არსებული ცნობით, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის" შეჭრას ისრაელის ავიაციის საპასუხო თავდასხმები მოჰყვა ისრაელის არმიის მიერ ალყაშემორტყმულ ღაზის სექტორზე, რეგიონის სამხრეთში 120-მა მანქანამ შეაღწია. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჩივიან, რომ დახმარების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

გაეროს თანახმად, ამისთვის დღეში ასი სატვირთო მანქანა იქნება საჭირო.

29 ოქტომბერს ათასობით ადამიანმა დაარბია გაეროს საწყობები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ხაზი გაუსვა სამოქალაქო მოსახლეობისთვის დახმარების საგრძნობლად გაზრდის აუცილებლობას.

ისრაელის არმია განაგრძობს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში დაარტყეს 600-ზე მეტ „ტერორისტულ ობიექტს“, მათ შორის იარაღის საწყობებს, რაკეტების გამშვებ დანადგარებს და მიწისქვეშა გვირაბებს.

ისრაელის არმიის ცნობითვე, სირიიდან სარაკეტო შეტევის პასუხად, გასულ ღამით სირიის ტერიტორიაზე დაბომბეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. სროლისას ისრაელის მხარეს დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ღაზის სექტორში - 8000-ზე მეტი სამოქალაქო პიპი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

XS
SM
MD
LG