ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სასამართლო გადაწყვეტილებები ინსტრუმენტია სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად - ამის შესახებ წერს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ანგარიშში, რომელიც ეხება ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ პარლამენტის შენობის წინ 7-9 მარტს გამართულ აქციებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქციების მონაწილეთა უფლებები "ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად" შეიზღუდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება... აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საიას შეფასებით, 7-9 მარტის აქციებზე სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებები. ორგანიზაციამ აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი გიორგი მექვაბიშვილის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად დაიწყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებასაც ასეულობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი, ლაზარე გრიგორიადისი, ამ დრომდე პატიმრობაშია.