უკრაინის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 31 ოქტომბერს იერიშები მიიტანეს 118 ქალაქსა და სოფელზე, რაც მიმდინარე წელს ერთ დღეში თავდასხმის ყველაზე დიდი რიცხვია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ნოემბერს აცხადებს, რომ თავდასხმები მოხდა უკრაინის 10 რეგიონში. სამინისტროს ცნობით, რუსეთის არმიამ მიზანში ამოიღო ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო პოლტავის რეგიონის ქალაქ კრემენჩუკში, სადაც ცეცხლის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრის მუშაობა დასჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ოქტომბერს დაიცვა უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპი - კონტრშეტევის მიზანია კონტროლის დაბრუნება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 31 ოქტომბერს, ღამით, თავის გამოსვლაში ზელენსკიმ თქვა, რომ მსოფლიო წარმატების ხილვას სწრაფად მოელის და რომ როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ უკრაინა ამას გაუძლებდა.
უკრაინის ძალების მიერ ივნისში დაწყებული კონტრშეტევის მიუხედავად, ბოლო თვეებში 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღნიშნულა.