Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის ცენტრალური სასაფლაოს ებრაულ ნაწილში ხანძარი გაჩნდა


საილუსტრაციო ფოტო: წაბილწული ებრაული საფლავები სტრასბურგის მახლობლად. 19 თებერვალი, 2019.
საილუსტრაციო ფოტო: წაბილწული ებრაული საფლავები სტრასბურგის მახლობლად. 19 თებერვალი, 2019.

წუხელ ხანძარი გაჩნდა ვენის ცენტრალური სასაფლაოს ებრაულ ნაწილში. სარიტუალო დარბაზის ნაწილი დაიწვა, თუმცა არავინ დაშავებულა. სასაფლაოს გარე კედლებზე უცნობმა პირებმა სვასტიკა დახატეს. ამის შესახებ განაცხადა ავსტრიის ებრაული თემის ხელმძღვანელმა ოსკარ დოიჩმა.

ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომელიც მოჰყვა 7 ოქტომბერს რადიკალური პალესტინური დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, ევროპაში გახშირდა ანტისემიტიზმის შემთხვევები.

კერძოდ, პარიზსა და მის შემოგარენში დავითის ვარსკვლავები გამოჩნდა იმ სახლების კედლებზე, სადაც ებრაული ოჯახები ცხოვრობენ. ტელეარხ TV9-ის ჟურნალისტების თანახმად, ინციდენტში შესაძლოა მონაწილეობდნენ რადიკალი ისლამისტი აქტივისტები.

ფრანგული მედია ასევე იუწყება, რომ რამდენიმე ათეულმა სკოლამ მიიღო იმეილები ბომბის აფეთქების მუქარით. ელექტრონული წერილის ავტორმა მოითხოვა ორი მილიონი ევრო, რომელიც უნდა გადაერიცხათ ანგარიშზე მაროკოში.

გერმანიაში ოქტომბრის ბოლოს, ღაზის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უცნობი პირები თავს დაესხნენ ებრაულ სკოლასა და სინაგოგას. გერმანიის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა ანტისემიტური განწყობის შესაძლო ზრდის გამო.

XS
SM
MD
LG