Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიამ ისრაელიდან თავისი ელჩი გაიხმო ღაზაში საბრძოლო მოქმედებების მიმართ პროტესტის ნიშნად


იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან ალ-საფადი. ამანი, 19 ოქტომბერი, 2023.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან ალ-საფადი. ამანი, 19 ოქტომბერი, 2023.

იორდანიამ ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების მიმართ პროტესტის ნიშნად. იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აცნობა ისრაელს, რომ უკან არ დაიბრუნებს ისრაელის ელჩს, რომელმაც ადრე დატოვა ქვეყანა უსაფრთხოების მოსაზრებებით. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე ჯერ საუბარი არ არის.

გარდა ამისა, იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან დაიწყო იქ მყოფი თავისი მოქალაქეების ევაკუაცია. იორდანიელებმა ღაზა უნდა დატოვონ ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტი რაფაჰის მეშვეობით. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევაკუაციის პროცესი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. იორდანიის იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც ამ გზით უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, არ აზუსტებენ.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან ალ-საფადიმ განაცხადა, რომ ელჩების გამოწვევა ძალაში დარჩება „ჰამასთან“ ისრაელის ომის დასრულებამდე და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებამდე.

ჩილემ და კოლუმბიამ ასევე გაიწვიეს თავიანთი ელჩები ისრაელიდან, ბოლივიამ კი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

იორდანია პირდაპირ ესაზღვრება ისრაელს აღმოსავლეთით. 1994 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. იორდანია აქტიურად არის ჩართული პალესტინის ხელისუფლების პოლიტიკურ და ფინანსურ ცხოვრებაში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის“ შემადგენლობაში შემავალი დაჯგუფება „ფათაჰის“ მიერ. ამავე დროს, იორდანია დაჟინებით მოითხოვს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დედაქალაქით იერუსალიმში.

XS
SM
MD
LG