რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ დასავლეთის სახელმწიფოები თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება არ აქვს.
1 ოქტომბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე გამოსვლისას, ნებენზიამ თქვა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დუმან ღაზის სექტორში საშინელ ნგრევასა და ათასობით ბავშვის სიკვდილზე, მაშინ როცა სხვა სიტუაციებში და სხვების წინააღმდეგ, ვინც „ძალას მართლაც უკიდურეს ზომად იყენებს მრავალწლიანი ძალადობის შესაჩერებლად“, სანქციებს აწესებენ, საგამოძიებო კომისიებს ქმნიან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას მოითხოვენ. ნებენზიას არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა დასავლეთის რეაქციას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაზე.
რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, დასავლეთი ამტკიცებს, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში ისრაელს, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, მსგავსი უფლება არ გააჩნია და ეს დადასტურებულია გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2004 წლის დასკვნით. ნებენზიას მიერ ნახსენები ეს დასკვნა ეხებოდა ისრაელის მიერ ე.წ. უსაფრთხოების კედლის მშენებლობას ტერიტორიაზე, სადაც პალესტინელები ცხოვრობენ. სასამართლოს საკონსულტაციო გადაწყვეტილებით, ეს ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
რუსეთს, რომლის წარმომადგენელმაც ისრაელის თავდაცვის უფლების არარსებობა მისი ოკუპანტობით ახსნა, თავად აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი და უკრაინის ტერიტორიის ნაწილი.
გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე გამოსვლისას ნებენზიამ ისიც თქვა, რომ რუსეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, რაც მოსკოვის პოზიციით, სრულად გარანტირებული იქნება მხოლოდ „პალესტინის პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის" შემთხვევაში.
- ღაზის სექტორი უკვე 27-ე დღეა საბრძოლო მოქმედებების ზონაა.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3000-ზე მეტი ბავშვი.
- ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.