Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ავტოკოლონის დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, ჩუვაშეთიდან მობილიზებული ათობით სამხედრო დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო: რუსი სამხედრო ფრონტის ხაზზე
საილუსტრაციო ფოტო: რუსი სამხედრო ფრონტის ხაზზე

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო ავტოკოლონის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების 1251-ე მოტომსროლელი პოლკის ბატალიონ "ატალის" სამხედრო მოსამსახურეები.

პროექტ „იდელ.რეალიის“ თანახმად, ინციდენტი 29 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ პოლკში მსახურობენ ჩუვაშეთიდან მობილიზებული მოხალისეები, რომლებსაც ამავე რესპუბლიკის წარმომადგენელი ვლადისლავ მატუზასი მეთაურობს.

ვიდეოში, რომელსაც ტელეგრამის არხი „სერდიტაია ჩუვაშია“ (გაბრაზებული ჩუვაშეთი) აქვეყნებს, შესაძლებელია გზაზე მიტოვებული და დამწვარი სატვირთო მანქანის, მიკროავტობუსისა და ავტომობილების დანახვა.

უცნობია, ზუსტად რამდენი სამხედრო დაიღუპა. „სერდიტაია ჩუვაშია“, მოხალისეთა "ჩათებზე" დაყრდნობით წერს 120 დაღუპულსა და დაჭრილზე. მოგვიანებით, საფრონტო წყაროებზე დაყრდნობით, მან 19 დაღუპული და 40 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ გაავრცელა ცნობა და გამოაქვეყნა დაჭრილი ჯარისკაცების სიაც.

„იდელ.რეალიი“ დაუკავშირდა ჩუვაშეთის რესპუბლიკის წარმომადგენელ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, რომლებსაც გასული წლის შემოდგომაზე შეეხოთ მობილიზაცია. ამ სამხედროებმა დაბომბვის შესახებ ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან ვიდეოჩანაწერების ჩვენებით დაადასტურეს. ერთ-ერთმა დაჭრილმა წვევამდელმა ახლობლების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, 47 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჩუვაშეთიდან მობილიზებულთა უკრაინაში დაღუპვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ჩუვაშეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ოლეგ ნიკოლაევმა მობილიზებულთა სავარაუდოდ დაღუპვის ცნობას უწოდა სამხედრო "საინფორმაციო შეტევები", რომლებიც საზოგადოებაში „პანიკური განწყობების დათესვას ისახავს მიზნად."

  • ჩუვაშეთიდან მობილიზებულ მოხალისეთა ბატალიონ "ატალის" სახელი შარშან ზაფხულში გახდა ფართოდ ცნობილი მას შემდეგ, რაც ბატალიონის 40-ზე მეტმა მოხალისემ რესპუბლიკის მეთაურს უჩივლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობისთვის. მოხალისეებს 2022 წლის 11 ივლისს, ხელშეკრულების დადებისთანავე 50 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ, დანარჩენი თანხა კი სამთვიანი სამსახურის შემდეგ უნდა მიეღოთ. მებრძოლები ამბობდნენ, რომ არ მიუღიათ არც ერთჯერად თანხა და არც დღიური დახმარება, რომელიც 2000 რუბლი უნდა ყოფილიყო.

XS
SM
MD
LG