Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: "ვაგნერმა" შეიძლება საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს "ჰეზბოლას"


"ჰეზბოლას" წევრები სამხედრო წვრთნის დროს. ლიბანი, 21 მაისი, 2023.
"ჰეზბოლას" წევრები სამხედრო წვრთნის დროს. ლიბანი, 21 მაისი, 2023.

რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S1 გადასცეს ლიბანურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“. ამის შესახებ The World Street Journal-ი იტყობინება ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით.

საუბარია სისტემაზე, რომელიც იყენებს საზენიტო რაკეტებს და საჰაერო თავდაცვის ქვემეხებს თვითმფრინავების წინააღმდეგ.

გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ვაშინგტონს ჯერ არ დაუდასტურებია სისტემის გაგზავნა, მაგრამ თვალყურს ადევნებს დისკუსიებს „ვაგნერისა“ და „ჰეზბოლას“ მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი გაგზავნა, რათა ლიბანურ დაჯგუფებებს ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ფრონტის გახსნის საშუალება არ მისცენ ღაზის სექტორში პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფონზე.

„ვაგნერი“ და ჰეზბოლა“ სირიაში მოქმედებენ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან. დამასკის მიერ კონტროლირებადი არმიის შეიარაღებაშია Pantsir-S1.

ლიბანის შიიტური სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, 1982 წელს დაარსდა ირანის მხარდაჭერით. ჯგუფის შეიარაღებული ფორმირებები რაოდენობრივად, შეიარაღებითა და საბრძოლო გამოცდილებით აღემატებიან ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ჯარებს.

„ჰეზბოლას“ მჭიდრო კოორდინაცია აქვს პალესტინურ ორგანიზაციებთან „ჰამასთან“, „ისლამურ ჯიჰადთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.

„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირება, რომელიც შექმნა გარდაცვლილმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა. „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკრაინასთან ომში, ასევე სახმელეთო ოპერაციებში სირიასა და აფრიკაში.

გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, „ვაგნერი“ ახლა როსგვარდიის ნაწილია. სახელმწიფო დუმამ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

XS
SM
MD
LG