Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ურზულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ 


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს. ისინი აღნიშნავენ, რომ "ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის".

სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

"მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრ ქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე...

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს", - წერია განცხადებაში.

ქალი დეპუტატების ერთობლივი წერილი
ქალი დეპუტატების ერთობლივი წერილი

მიმართვას ხელს აწერენ:

  • თეონა აქუბარდია (პოლიტიკური ჯგუფი "რეფორმების ჯგუფი");
  • თინა ბოკუჩავა (ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა");
  • ანა ბუჩუკური (პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის");
  • თამარ ჩარკვიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი);
  • ნატო ჩხეიძე (პოლიტიკური ჯგუფი "თავისუფლება");
  • ხატია დეკანოიძე (პოლიტიკური ჯგუფი "ევროოპტიმისტები" );
  • ეკა ხერხეულიძე (ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა");
  • თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი);
  • ანა ნაცვლიშვილი ( პოლიტიკური ჯგუფი "ლელო საქართველოსთვის");
  • სალომე სამადაშვილი (პოლიტიკური ჯგუფი "ლელო საქართველოსთვის");
  • ხათუნა სამნიძე (პოლიტიკური ჯგუფი "რეფორმების ჯგუფი", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია");
  • ანა წითლიძე (ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა");
  • ქეთევან ​ თურაზაშვილი ​(პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები").
XS
SM
MD
LG