რუსეთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასის ხელმძღვანელი სერგეი მიხაილოვი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ამბოხების ძალზე დაწვრილებით გაშუქებისთვის დაითხოვეს სამსახურიდან ივლისის დასაწყისში. ამის შესახებ The Moscow Times-ი იუწყება სამთავრობო წრეებსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, კრემლმა გადაწყვიტა, რომ მიხაილოვმა, რომელიც 11 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ტასს, ქვეყნის ხელმძღვანელობა არასახარბიელო კუთხით წარმოაჩინა. კერძოდ, სააგენტომ ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა დაქირავებულთა ფოტოები დონის როსტოვიდან, რითაც დაადასტურა მათ მიერ სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის ხელში ჩაგდება.
„მათ დაავიწყდათ, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა ახალი ამბების შეტყობინება, არამედ კრემლისთვის იდეოლოგიურად სწორი ვერსიის შექმნა,“ მოჰყავს The Moscow Times-ს წყარო რუსეთის მთავრობიდან.
ამასთან, გაზეთის თანახმად, მიხაილოვის ახლო გარემოცვიდან ორმა ადამიანმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ერთობ უკმაყოფილო იყო ამბოხების დროს ტასის ხელმძღვანელის წასვლით. თავად მიხაილოვმა თქვა, რომ იმ დროს ის თავის ოფისში მუშაობდა. გადადგომის მიზეზებზე საუბარი მან არ ისურვა.
როგორც ჩანს, მიხაილოვი არ აპირებდა გადადგომას, უთხრეს The Moscow Times-ს სააგენტოს თანამშრომლებმა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ხელმძღვანელმა მათთან ერთად განიხილა 2023 წლის გეგმები.
ამჟამად ტასის ხელმძღვანელია ანრეი კონდრაშოვი, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. The Moscow Times-ის წყაროს თანახმად, კონდრაშოვის ხელმძღვანელობით სააგენტო უფრო აგრესიული, პროვოკაციული და ნაკლებად ნეიტრალური უნდა იყოს უკრაინასთან გახანგრძლივებული ომის ფონზე და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.