ჩრდილო-დასავლეთ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 157-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ნეპალის მიწისძვრების მონიტორინგისა და კვლევის ეროვნული ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი 400 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ კატმანდუდან. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,4-ს შეადგენდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ის 5,6-ით შეაფასა.
მიწისძვრის შედეგად კავშირი გაწყდა ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მთებში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა. სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობენ. მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა მიწისძვრა, ნეპალს შესთავაზა „ყოველგვარი შესაძლებელი დახმარება“.