Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა მიუსაჯეს თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე


გიგა გიგაშვილი
გიგა გიგაშვილი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე. დღეს, 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ ბრალდებულს - კომპანია "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს.

2022 წლის 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობისთვის, მერიის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტს კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გამო.

უფრო ადრე, 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. მოსამართლემ გაამართლა მხოლოდ ერთი ბრალდებული - ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი.

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებულები არიან:

  • თბილისის მერიის კონტრაქტორ "გრინსერვის+-ის" დირექტორი ლაშა ფურცვანიძე - სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (უხარისხო სამუშაოების შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია), 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა;
  • "გრინსერვისი+-ის" თანამშრომელი დევი კახოიძე - 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • „გრინსერვის+-ის“ საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიან​ი - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • "მშენ-ექსპერტის" დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი - 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • "მშენ-ექსპერტის" ექსპერტი დავით თუშიშვილი - 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;
  • შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიყიტაშვილი - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა;
  • ელექტროშემდუღებელი გიორგი გობეჯიშვილი - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
XS
SM
MD
LG