Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერმა მათ მიმართა, რომ ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის განმსაზღვრელ მომენტში შედგა.

„ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარე ელის, რომ 8 ნოემბერს ევროკომისია საქართველოს შესახებ დადებით შეფასებას გამოაქვეყნებს. „ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს", - თქვა მან.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელი კი ამ თემას მოკლედ გამოეხმაურა: „დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები".

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა იმ სფეროზე გააკეთა აქცენტი, რომელზეც თავად მუშაობს: „ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება".

პრემიერისა და დირკ შუბელის განცხადებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

2023 წლის 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG