Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბალთან მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს წევრის ძმაა


6 ნოემბერი. სოფელი კირბალი.
6 ნოემბერი. სოფელი კირბალი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის შესასვლელი ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.

კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ. მოგვიანებით, მოსახლეობამ სროლის ხმა გაიგო.

თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მომხდარს სააგენტო „Рес"-თან გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის „სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში“ ეგორ კოჩიევი. მისი თქმით, ორშაბათს საღამოს ე.წ. საზღვართან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ეს საკითხი განიხილება.

„მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა იქ, ჩემთვის ცნობილია, რომ ინციდენტი იარაღის გამოყენებით", - განაცხადა კოჩიევმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა დღეს, 6 ნოემბერს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

„აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

„6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", - აცხადებენ სუს-ში.

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ „ფეისბუკ"-LIVE-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე ლომისის ეკლესიის მიმდებარედ მოკლეს.

2023 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მთაზე განთავსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშის კარი საოკუპაციო ძალებმა თუნუქის ფირფიტით აჭედეს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა სოფელ კირბალში მდებარე ლომისის ტაძრის შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ტაძრის შესასვლელი აჭედეს.

„ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა - 2008 წლის ომის მერე", - თქვა დეკანოზმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG