Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში აღსრულების პოლიცია ბინიდან ოჯახის გამოსახლებას იწყებს


თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას მოქალაქეები საპროტესტო აქციით შეეწინააღმდეგნენ.
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას მოქალაქეები საპროტესტო აქციით შეეწინააღმდეგნენ.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან აღსრულების პოლიციას ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება უნდა. ადგილზე შეკრებილია რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებს არ აძლევენ ბინასთან მიახლოების საშუალებას.

შეკრებილები ითხოვენ მოლაპარაკების დაწყებას "რიკო ექსპრესთან", რომელიც არის ამ ბინის შემძენი.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტი”, პოლიციური ძალის გამოყენებით, ქუჩაში გაყრას უპირებს შვიდსულიან ოჯახს (მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს, შშმ პირს და ორსულ ქალს)", - წერია გამოსახლების საწინააღმდეგოდ მხარდამჭერების მობილიზების მიზნით გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოჯახი "რიკო ჯგუფს" სთავაზობს არსებული სესხის - 32 ათასი დოლარის - დაფარვას (20 ათასი - ძირი, 12 ათასი - დარიცხული პროცენტი).

"კომპანიას ერთადერთი ინტერესი აქვს, ეს ქალაქის ცენტრში არსებული 74 მ/კვ ფართობის დასაკუთრებაა, რომელსაც აუქციონით 17 000 ლარად დაეუფლა. ჯერი საზოგადოების სოლიდარობაზეა", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმე მათთან 2018 წელს შევიდა და მოლაპარაკებები 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სოციალური მუშაკის ჩართულობით.

"გამოსახლების პროცესი გადადებულია ორჯერ. ერთხელ - სასამართლოს განჩინებით, მეორედ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადადო კრედიტორის თანხმობით. ახლაც, ამ წუთებში, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა აღსრულების სამსახური ამ პროცესს ვერ გადადებს, თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. კრედიტორს შეუძლია მისცეს გონივრული ვადა", - ამბობს აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის თანამშრომელი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა "რიკო ჯგუფსაც". კომპანიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

XS
SM
MD
LG