Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთო ეროვნული მიზანი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი - ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას" - სამოქალაქო საზოგადოება


საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში, ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლთან შეიკრიბნენ. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ საერთო ეროვნული მიზანი, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას.

„საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას! სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა.

ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმაოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე“.

საერთო ეროვნული მიზანი - გავხდეთ ევროკავშირის წევრი - ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას. ეს მიზანი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. ამას ელის ევროკავშირი ჩვენგან. დღეს, ჩვენი ხმა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი მომავლისთვის და მივაწვდინოთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს. დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება", - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა წაიკითხა.

განცხადების თანახმად, საქართველოს წინაშე ახალი ამოცანა დგას: „დღეიდან, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენს ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს".

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

მან თქვა, რომ საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG