Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არაფერი უნახავს, ადრე წამოვიდა" - ვინ იყო გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად ლომისის ეკლესიასთან


ნანა პაპიტაშვილი, თამაზ პაპიტაშვილის ცოლი
ნანა პაპიტაშვილი, თამაზ პაპიტაშვილის ცოლი

თამაზ პაპიტაშვილის ცოლი ნანა პაპიტაშვილი ჰყვება, რომ მისი ქმარი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან და გატაცებულ ლევან დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა 6 ნოემბერს კირბალის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის ტერიტორიაზე, იქიდან მანამდე წამოვიდა, სანამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდებოდნენ.

„არაფერი არ უნახავს, ეს ადრე წამოვიდა. ხო, აქვთ ვიდეო, სადაც ეძახიან: მოტრიალდი, მოტრიალდი, მოლაო (თამაზ პაპიტაშვილის ზედმეტსახელი). ეს ადრე წამოვიდა, ჯერ [ეკლესიის] კარიც არ იყო შემტვრეულიო. სვამდნენ, დაილოცნენ ერთ ჭიქით სალოცავზე და მერე რა მოხდა, ამან არ იცის. ვერ ვიყავი კარგადო და წამოვედიო, ხევთან ვიყავიო, სროლა რომ ატყდაო. ეს კაცი არაფერ შუაში არაა. ალალ-მართალი კაცია. ახლა წაიყვანეს გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ, წუხელაც ჰყავდათ“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ნანა პაპიტაშვილი.

თამაზ პაპიტაშვილი ჟურნალისტებს არ შეხვედრია.

განახლება:

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვალერიან თელიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თამაზ პაპიაშვილი არაერთხელ გამოიკითხა "პირველივე დღეს, ასევე გუშინ და გრძელდება დღესაც. თვითონ გვიდასტურებს, რომ, როგორც კადრში ჩანს, გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მათთან [თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან] ერთად“.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია გატაცებული, 33 წლის ლევან დოთიაშვილი.

გუშინ, 7 ნოემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ აჭედილ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ამტვრევს ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიან ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური ამბობს, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს დაღუპული თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას.

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თამაზ გინტურს შაბათს, 11 ნოემბერს, დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG