Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი ხმა ევროპას“ - პრეზიდენტმა ხელმოწერების კამპანია დაიწყო


ხელმოწერის კამპანია ორბელიანების სასახლის წინ
ხელმოწერის კამპანია ორბელიანების სასახლის წინ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპელი ლიდერებისთვის გასაგზავნად, მიმართვაზე ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა პირველმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ - მთავარი შემადგენელი ნაწილია. ეს ინიციატივა პრეზიდენტმა გააჟღერა ორბელიანების სასახლის წინ მოწყობილი სცენიდან, საიდანაც მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც იქ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ რეკომენდაცია გამოაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ევროპელი ლიდერებისთვის ხმის მიწვდენა.

„კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყნის შიგნით და ასევე გარეთ, რათა ყველამ შეძლოს მოაწეროს ხელი. ყველანაირი ინიციატივა მისაღებია“, - თქვა მან.

პრეზიდენტის თქმით, 9 ნოემბრიდან ყველას ექნება საშუალება, ორბელიანების სასახლეში მიმართვას ხელი მოაწეროს. ამასთან, მსურველები ონლაინ შეძლებენ ხელმოწერას.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე.

გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ.

ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია მიმართვაში.

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“.

მან თქვა, რომ საქართველოსთვის „მართლაც არის საზეიმო დღე“, - და დასძინა, რომ „კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, საშინაო დავალება მოსამზადებელი".

ფონ დერ ლაიენის თანახმად, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა".

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო - 27 წევრი ქვეყანა - დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG