Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა უცხოურ სატვირთო გემზე სარაკეტო დარტყმაში


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. სატვირთო გემი ოდესის პორტში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. სატვირთო გემი ოდესის პორტში

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმისას რაკეტა მოხვდა ლიბერიის დროშით მცურავ სამოქალაქო, სატვირთო გემს, რომელიც პორტში შედიოდა. ეს ინფორმაცია 8 ნოემბერს, ღამით, გაავრცელა უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, დაიღუპა გემის ლოცმანი და დაიჭრა ეკიპაჟის კიდევ 3 წევრი, რომლებიც ფილიპინების მოქალაქეები არიან. დაიჭრა პორტის 1 თანამშრომელიც.

თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, გემის დაზიანებას ასახავს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვის ინფორმაციით, გემს რკინის მადანი ჩინეთში უნდა წაეღო.

კუბრაკოვის თანახმად, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე 21 მიზანმიმართული შეტევა განახორციელა და დააზიანა 160-ზე მეტი ობიექტი და 122 სატრანსპორტო საშუალება.

  • რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური შეტევა დაიწყო 2023 წლის ზაფხულიდან, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.
  • თურქეთის და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს.
  • შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.
XS
SM
MD
LG