Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიენტების მოტყუების გამო იძებნება ავეჯის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი


საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს" წარმომადგენელს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, კლიენტებს ატყუებდა და თაღლითურად ეუფლებოდა მათ ფულს. საუბარია მოტყუებით მიღებულ 464 687 ლარზე (47 შემთხვევა).

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს "დემეს" წარმომადგენელი თანხის მიღების შემდეგ მიიმალა.

"კომპანია "დემეს" წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება). სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ახლა კომპანია "დემე" სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" აღარ იძებნება, თუმცა კვლავ შემორჩენილია უკმაყოფილო დამკვეთების პოსტები.

XS
SM
MD
LG