Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უკრაინელ სამხედროს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით


უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე ანტონ ჩერედნიკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე ანტონ ჩერედნიკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეს, ანტონ ჩერედნიკს, რუსეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობისა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (დსრ)ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით. პროკურატურა განსასჯელისთვის 17 წლით პატიმრობას ითხოვდა.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამ დროისთვის ანტონ ჩერედნიკი რჩება დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, დამოუკიდებელ ადვოკატებს მასთან არ უშვებენ, უკრაინელი სამხედროს ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

უკრაინული გამოცემა "გრატის" ცნობით, ჩერედნიკი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითებში მსახურობდა და 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლისთვის ბრძოლების დროს ტყვედ აიყვანეს. მას ბრალი 2022 წლის ივნისში წაუყენეს. გამომძიებლების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურემ 27 მარტს მარიუპოლის სოფელ მირნიში ორი მამაკაცი გააჩერა და მიწაზე დაწოლა უბრძანა. გამომძიებლების თქმით, მათ წარმოადგინეს დოკუმენტები, მაგრამ სამხედრომ მათგან მოითხოვა უკრაინულად საუბარი და დასაშინებლად ავტომატიდან ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი, არასწორი გამოთქმისთვის, დახვრიტა.

უკრაინელ სამხედრო ტყვეს ასევე ბრალად წაუყენეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საბრალდებო დასკვნაში მარიუპოლს ეწოდება "უკრაინის მიერ დროებით ოკუპირებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორია, რომლის ცენტიც არის დონეცკი".

  • რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქალაქი მარიუპოლი დაიკავეს გასული წლის მაისში, მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მარიუპოლის აღების დროს, სავარაუდოდ, 25 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

  • 2023 წლის ივლისში დონის როსტოვში სამხედრო სასამართლომ დაიწყო 18 უკრაინელი პატიმრის საქმის განხილვა. რუსეთის უშიშროება მათ მიიჩნევს ქვეყანაში აკრძალული „აიდარის“ ბატალიონის წევრებად.

  • რუსეთის სასამართლო ასევე განიხილავს საქმეს უკრაინის „აზოვის“ პოლკის 24 ყოფილი სავარაუდო წევრის და მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალის“ სხვა დამცველების წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა, ასევე ე.წ. "დსრ-ის" ტერიტორიაზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა.
XS
SM
MD
LG