Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიანსკის ოლქში მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ფსბ-ს ოფიცერი


საილუსტრაციო ფოტო: ფსბ-ს ოფიცერი შემთხვევის ადგილზე ნალჩიკის მახლობლად.
საილუსტრაციო ფოტო: ფსბ-ს ოფიცერი შემთხვევის ადგილზე ნალჩიკის მახლობლად.

ბრიანსკის ოლქში უცნობმა პირებმა სასაზღვრო პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ფსბ-ს ოფიცერი. ამის შესახებ იტყობინებიან ტელეგრამის არხები „ბაზა“ და Wargonzo.

„ბაზის“ ინფორმაციით, სოფელ ულიცის მიდამოებში გუშინ შუადღისას თავს დაესხნენ უაზ „პატრიოტის“ მარკის ავტომობილს, რომელშიც ფსბ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. უცნობმა პირებმა მანქანას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი და შემდეგ მიიმალნენ.

Wargonzo-ს ინფორმაციით, დაღუპული პოლკოვნიკის სახელი და გვარია სერგეი შატი. „ბაზა“ მას ვიცე-პოლკოვნიკს უწოდებს და განმარტავს, რომ ის ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს თავდასხმისა და ოფიცრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

გუშინ გვიან საღამოს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ტელეგრამის არხზე გაჩნდა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ კორპუსის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი „წარმატებით ჩაუსაფრდა ტრანსპორტს ბრიანსკის ოლქში“. პოსტს ახლავს სამი ფოტო, რომლებზეც ასახული არიან შენიღბული შეიარაღებული პირები. შეტყობინებიდან ნათელი არ არის, კონკრეტულად რა სახის ჩასაფრებაზეა საუბარი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დივერსიისთვის იკისრა პასუხისმგებლობა.

სექტემბრის დასაწყისში უკრაინელი დივერსანტების მიერ ბრიანსკის ოლქში შეღწევის მცდელობისას ფსბ-ს მესაზღვრე დაიღუპა და რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დივერსიაზე „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო პასუხისმგებლობა.

31 აგვისტოს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გამოაცხადა, რომ დრონებით დაესხა თავს სამხედრო აეროდრომს კურსკის ოლქში.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ არის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც სავარაუდოდ შედგება რუსეთის მოქალაქეებისგან და მოქმედებს უკრაინის მხარეზე. უკრაინის სარდლობა არ ადასტურებს, რომ ეს საბრძოლო ნაწილები უშუალოდ მას ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG