Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო/ოდირი "კარვების აკრძალვის კანონზე": კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული


ფოტო არქივიდან: საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 15 ნოემბერი, 2019 წელი
ფოტო არქივიდან: საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 15 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ეუთო/ოდირისგან მიღებულ დასკვნას ე.წ. კარვების აკრძალვის კანონთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით "გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს".

"პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული... ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს... შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი. როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან..." - წერს სახალხო დამცველის აპარატი ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.

აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის მიღებაზე.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს „კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. მან მას 17 ოქტომბერს დაადო ვეტო.

საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" კანონში ცვლილებების შეტანა დაჩქარებული წესით დაიწყო. კანონპროექტის მომზადებას წინ უსწრებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგი, რომლის მიხედვითაც, იგეგმებოდა "ხელისუფლების დამხობა". მოგვიანებით გაირკვა, რომ სუსი ამ კვალიფიკაციით გამოძიების დაწყებას უკავშირებდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში "კავას საქართველოს" თბილისში ჩატარებულ ტრენინგს, რომელსაც მეტწილად ხელოვანები ესწრებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებს სუსში თითქმის ყოველდღე იბარებენ.

იმის მიუხედავად, რომ საქმის კვალიფიკაცია მძიმეა, სუსმა ტრენერებს, რომლებიც სერბეთის მოქალაქეები არიან, საქართველოს დატოვების უფლება მისცა.

"იმ ეტაპზე არ არსებობდა ქვეყანაში მათი დატოვების საჭიროება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუსში.

ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები".

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ განაცხადა, რომ USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა".

XS
SM
MD
LG