აშშ-ში პირველი საცდელი ფრენა განახორციელა პერსპექტიულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-21 RAIDER-მა (Northrop Grumman). ამ მოვლენის ამსახველი კადრები თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი 10 ნოემბრის დილით, ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე, აშშ-ს საჰაერო ძალების 42-ე ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა. საჰაერო ძალებმა წინასწარ არ გამოაცხადეს ამ ფრენის შესახებ, მაგრამ, სააგენტოს ცნობით, დახურულ ფრენას დაახლოებით სამი ათეული საავიაციო ენთუზიასტი და მოყვარული ფოტოგრაფი ადევნებდა თვალს.
საიდუმლო ბომბდამშენის პირველი საჯარო დემონსტრაცია დეკემბერში გაიმართა. თვითმფრინავი რამდენიმე წელიწადში უნდა შევიდეს აშშ-ს საჰაერო ძალებში. იგი აგებულია მფრინავი ფრთის აეროდინამიკური სქემის მიხედვით, აქვს დაბალი რადიოხილვადობა და შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება. ვარაუდობენ, რომ მომავალში ის შეძლება გამოვიდეს უპილოტო თვითმფრინავის ვერსიით.
პენტაგონს განზრახული აქვს 100-დან 200-მდე ასეთი თვითმფრინავის შეძენა. B-21-ის ღირებულება გასაიდუმლოებულია. დაგეგმვის ეტაპზე, 2010 წლის ფასებში მისი ღირებულება 550 მილიონი დოლარი იყო (2023 წელს, ინფლაციის გათვალისწინებით, 750 მილიონი დოლარი).
სტრატეგიულმა ბომბდამშენმა აშშ-ს საჰაერო ძალებში უნდა შეცვალოს b-1b და b-2a თვითმფრინავები, რომლებიც შესაბამისად 1973-1987 წლებში იქნა გამოშვებული.
B-21-ის აგების თანხა აშშ-ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის ბოლოს ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.