Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ პუშკინის, ასევე სხვა ბევრი ძეგლის დემონტაჟის ნებართვა გასცა


ალექსანდრ პუშკინის ძეგლი კიევში. 10 მაისი, 2018 წელი
ალექსანდრ პუშკინის ძეგლი კიევში. 10 მაისი, 2018 წელი

უკრაინის მთავრობამ რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის, ასევე კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არსებული რუსეთისა და საბჭოთა კავშირის არაერთი მოღვაწის ძეგლების დემონტაჟის ნებართვა გასცა, იტყობინება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრიდან ამოიღეს კიევში, ბერესტეისკის გამზირზე მდებარე ალექსანდრ პუშკინის ძეგლი, ტარას შევჩენკოს ბულვარზე ბოლშევიკ ნიკოლაი შჩორსის ძეგლი, ასევე უკრაინის დედაქალაქის მარიას პარკში არმიის გენერალ ნიკოლაი ვატუტინის საფლავი.

რეესტრიდან ამოღებულია ასევე შემდეგი ძეგლები: პუშკინისა ჟიტომირში, ხარკოვსა და ოდესაში, თავად მიხაილ ვორონცოვისა ოდესაში, რუსი მხედართმთავრის ალექსანდრ სუვოროვისა იზმაილში, ადმირალ ფედორ უშაკოვისა ხერსონში, ძეგლი "უკრაინა - გამათავისუფლებლებს" უჟგოროდში და "რევოლუციის მებრძოლებისადმი" მიძღვნილი კომპლექსი ლუგანსკში.

ძეგლის რეესტრიდან ამოღების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მისი დემონტაჟის დაწყება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიცვალა დასახლებების, ქუჩების, სკვერებისა და პარკების სახელები, მოხსნილია რუსეთთან ან საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ძეგლები და მემორიალური დაფები.

წელს, მარტში, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელების მინიჭებას.

XS
SM
MD
LG