საუდის არაბეთი და სხვა მუსლიმური ქვეყნები 11 ნოემბერს გამოვიდნენ მოწოდებით დაუყოვნებლივ დასრულდეს ღაზაში სამხედრო ოპერაცია და უარყვეს ისრაელის არგუმენტი, რომ პალესტინელთა წინააღმდეგ მისი ქმედებები თავდაცვას წარმოადგენს.
ერ-რიადში გამართული ისლამური-არაბული სამიტის მონაწილეებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდეს გამოიძიოს "ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რომლებსაც ისრაელი სჩადის" - ვკითხულობთ შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში.
ახლო აღმოსავლეთში უკიდურესი დაძაბულობაა მას მერე, რაც ღაზის მმართველმა "ჰამასმა" - რომელსაც ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ - 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა შეტევა და 1200 ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ, ისრაელმა გააძლიერა შეტევა ღაზაზე, სადაც, პალესტინელთა განცხადებით, დაღუპულია 11,078 ადამიანი.