Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დაითხოვეს შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა დევიდ კამერონი


სუელა ბრავერმანი უკვე მეორედ გაათავისუფლეს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან.
სუელა ბრავერმანი უკვე მეორედ გაათავისუფლეს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან.

13 ნოემბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი. მის ნაცვლად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი.

კამერონი არ არის ბრიტანეთის პარლამენტის მოქმედი წევრი. ის ლორდთა პალატაში დაიკავებს ადგილს, რაც შესაძლებელს გახდის მის დანიშვნას საგარეო საქმეთა მინისტრად.

ბრავერმანის გადადგომა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც მან პოლიციის მუშაობა გააკრიტიკა დიდ ბრიტანეთში პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლების ფონზე. 8 ნოემბერს ბრავერმანმა გაზეთ The Times-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მან სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს „ორმაგი სტანდარტები“ უწოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ, მისი აზრით, პოლიცია ზოგიერთ დემონსტრაციაზე მკაცრ პასუხს იძლევა მონაწილეთა ქმედებებზე, ზოგზე კი, მათ შორის პალესტინელთა მხარდამჭერზე - უფრო რბილ პასუხს.

ბრავერმანმა თქვა, რომ ეს მიდგომა შეიძლება გამოწვეული იყოს პოლიციის შიშით, რომ არ იქნეს გაკრიტიკებული.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ასევე წერდა, რომ პალესტინელების მხარდამჭერი მარშების ზოგიერთ ორგანიზატორს კავშირი აქვს რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასთან“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-სა და ევროკავშირში.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრავერმანს The Times-ისთვის განკუთვნილი თავისი ტექსტი არ შეუთანხმებია სამინისტროსთან. პრემიერ-მინისტრ სუნაკის ოფისმა მინისტრს ცვლილებების შეტანა სთხოვა, მაგრამ მან ეს თხოვნა უგულებელყო.

ბრავერმანისთვის ეს უკვე მეორე გადადგომაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან. იგი პირველად პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დანიშნა შარშან სექტემბერში, მაგრამ მალევე გათავისუფლებულ იქნა მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი გაგზავნა პირადი კომპიუტერიდან. ეს აკრძალულია სამინისტროს დებულებით. რამდენიმე დღის შემდეგ ბრავერმანი სამსახურს დაუბრუნდა რიში სუნაკის კაბინეტში შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელად.

დევიდ კამერონი 57 წლისაა. ის კონსერვატიული პარტიის ლიდერი იყო 2005 წლიდან 2016 წლამდე. 2010 წელს, 43 წლის ასაკში, კამერონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა და მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა 1812 წლიდან.

XS
SM
MD
LG