Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი გამოყო


საილუსტრაციო ფოტო: ელექტროსადგური
საილუსტრაციო ფოტო: ელექტროსადგური

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლის (650 ათასი დოლარი) გამოყოფა გადაწყდა.

მანამდე ამ თანხის გამოყენება იგეგმებოდა ელექტროენერგიის აღმრიცხველი მოწყობილობების შესაძენად. „დეპუტატებს“ „ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად“ თანხების მიზნობრივი გამოყენების კორექტირების აუცილებლობის შესახებ მიმართა „ვიცე-პრემიერმა“ და „ეკონომიკის მინისტრმა“ კრისტინა ოზგანმა.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსული ელექტროენერგია 5 ნოემბრიდან მოეწოდება.

რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ-საათის იმპორტზე.

"ერთი კილოვატ-საათის საშუალო ღირებულება დაახლოებით 3.90-4 რუბლს შეადგენს. ჩვენ ვყიდულობთ თითქმის ოთხ რუბლად და 1 რუბლად ვყიდით. ამაში აფხაზეთმა 135 მილიონი რუბლი გადაიხადა“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.

მისი თქმით, „აფხაზეთის დელეგაცია“ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს: „თუ ის შედეგიანი იქნება, მაშინ ამ წლის ბოლომდე დაგვჭირდება დაახლოებით 250-370 მილიონი კილოვატ-საათი“.

ყოველი წლის გვიანი შემოდგომიდან აფხაზეთი განიცდის ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობას. ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარის ხაზით მიეწოდება. ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კატასტროფული ვარდნის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღოს.

XS
SM
MD
LG