Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთს საქართველოს გავლით გადაეცა ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი - მედია


საილუსტრაციო ფოტო: Bastion-ი, ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი
საილუსტრაციო ფოტო: Bastion-ი, ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი

აზერბაიჯანული გამოცემა Caliber.az-ის ინფორმაციით, სომხეთს მისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი, საქართველოს გავლით მიეწოდა.

გამოცემის თანახმად, 12 ნოემბერს ფოთის პორტში შევიდა Acmat-ის წარმოების ფრანგული მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა Bastion-ი და მისი კომპონენტებიც. გამოცემა იტყობინება, რომ ტექნიკის გამგზავნია ფრანგული კომპანია ARQUUS-ი. Caliber.az-ი, მათი მტკიცებით, ფოთის პორტში გადაღებულ ფოტო და ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაგმო საფრანგეთის მოქმედება.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საფრანგეთის მიერ სომხეთში ბასტიონის შეტევითი ჯავშანტექნიკის გაგზავნას. ზემოაღნიშნული სამხედრო ტექნიკის გადაცემა ემსახურება სამხედრო პოტენციალისა და დესტრუქციული მოქმედებების გაძლიერებას სომხეთისა, რომელსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი და არ თმობს აგრესიულ პოლიტიკასა და რიტორიკას.

საფრანგეთის, რომელიც პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო სამართლის პროპაგანდისტი და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრე, ეს ნაბიჯები სერიოზულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას, მიმართულს რეგიონში ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, ურთიერთაღიარების და სუვერენიტეტის პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოთა საერთაშორისო საზღვრების საფუძველზე და ემსახურება ვითარების გამწვავებას.

აზერბაიჯანის წინააღმდეგ საფრანგეთის ცილისწამების და რეგიონში დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას, მიუთითებს იმაზე, რომ საფრანგეთი რეგიონში არასწორი ინტერესებით ხელმძღვანელობს.

სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში. ამ ქვეყნებმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, თავი შეიკავოს აგრესიული პოლიტიკით ცნობილი სომხეთის შეიარაღებისგან, შეწყვიტოს და დაგმოს ისეთი არალეგიტიმური ქმედებები, რომლებიც აფერხებენ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებას“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ.

სომხურ მედიაში ვრცელდება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხი, რომლის თანახმადაც, "სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური განცხადებების გარდა", უწყება „ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მიაწვდის“ საზოგადოებას.

ფრანგული გამოცემა Ouest France წერს, რომ "ბასტიონები" თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ კიევს მიაჩნდა, რომ ისინი ნაკლებად დაცული იყო საარტილერიო ცეცხლისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" რადიო თავისუფლებისთვის დასმული კითხვის პასუხად ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა "კონკრეტული ტვირთი":

"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული".

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ, რუსეთზე დამოკიდებულებას.

8 ნოემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ინდოეთთან ZADS (Zen Anti-Drone System) ანტიდრონის სისტემის შესაძენად, რომლის ღირებულებაა 41,5 მილიონი დოლარი.

2022 წლის სექტემბერში ინდური გამოცემა The Economic Times-ი იტყობინებოდა, რომ ერევანი დელიდან მიიღებს 244,7 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას, მათ შორისო ზალპური ცეცხლის სისტემა Pinaka-ს.

XS
SM
MD
LG