Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმაღლესი რადის ორ დეპუტატზე ეჭვობენ, რომ ისინი "გრუსთან" თანამშრომლობენ


ოლექსანდრ დუბინსკი
ოლექსანდრ დუბინსკი
უკრაინის გენერალური პროკურატურა 13 ნოემბერს იუწყება, რომ უმაღლესი რადის ორი დეპუტატი ეჭვმიტანილია თანამშრომლობაში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. ერთ-ერთ მათგანს უკვე ჩამორთმეული აქვს მანდატი და უკრაინის მოქალაქეობა.
სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილნი არიან მოქმედი დეპუტატი ოლექსანდრ დუბინსკი, რომელიც პრეზიდენტის მომხრე პარტიიდან, "ხალხის მსახურიდანაა" არჩეული და შვიდი მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის, ლეონიდ დერკაჩის შვილია.
გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივ ჯგუფში მოქმედებდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ყოფილი სამხედრო პროკურორი კონსტანტინ კულიკი.
იუწყებიან, რომ დუბინსკი მოქმედებდა აგენტის სახელით "ბურატინო" და აწარმოებდა "საინფორმაციო-ძირგამომთხრელ საქმიანობას" რუსეთის სასარგებლოდ. ამის მაგალითად გენპროკურატურას მოაქვს 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული პრესკონფერენცია დუბინსკისა და დერკაჩის მონაწილეობით, რომელშიც ისინი ჰყვებიან უკრაინელი ჩინოვნიკების ჩარევაზე აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამას ყალბ ინფორმაციას უწოდებს.
2020 და 2021 წლებში აშშ-ის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა დერკაჩისა და დუბინსკის წინააღმდეგ. დერკაჩი დაადანაშაულეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში. იუწყებოდნენ, რომ ის 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. დუბინსკის შესახებ ცნობილი იყო, რომ ის მუშაობდა დერკაჩის ქსელში და მონაწილეობდა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომელთა სამიზნეც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ.
ეჭვმიტანილებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გენერალური პროკურატურის განცხადებაში ეჭვმიტანილთა პოზიციაზე არაფერია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG