Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს


დავით სერგეენკო, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი
დავით სერგეენკო, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს, მან შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს პარლამენტის პრესსამსახური.

სერგეენკოს მიმართვას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს და ამავე დღეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტმა ერთხელ უკვე უყარა კენჭი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. საბურთალოს მაჟორიტარისთვის, დავით სერგეენკოსთვის, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა 5 სექტემბერს გაიტანა საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე. საკითხს 2 მომხრე და 12 წინააღმდეგი ჰყავდა და შესაბამისად, დავით სერგეენკო სადეპუტატო უფლებამოსილებას ინარჩუნებდა.

სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების მიზეზი გახდა სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.

დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერისგან.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო - ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო "ქართულ ოცნებას" კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.

ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ.

მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.

დავით სერგეენკო "ნაციონალური მოძრაობის" "ქართული ოცნების" ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.

XS
SM
MD
LG