ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის (КГБ) განცხადებით, ცხინვალში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებიც „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე“ დიდი ოდენობით საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბვით იყვნენ დაკავებული.
„უმოქმედო სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთი მილსადენის შიგნით მათ პლასტმასის მილი გაიყვანეს, რომელიც ზედაპირზე საქართველოში ამოდიოდა“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ირწმუნებიან, რომ 14-15 ნოემბრის ღამით დაკავებისას ცხინვალელები დაახლოებით „50 ტონა საწვავს“ ტუმბავდნენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, „კონტრაბანდისტებმა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში შექმნეს საწვავის კონსპირაციული მიმღები და სატუმბი პუნქტი“.
„ამჟამად ისინი აღიარებით ჩვენებას იძლევიან“, - აცხადებს დე ფაქტო უწყება.
ცხინვალის КГБ-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიიღებდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას.
ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველოს საწვავ-საპოხი მასალის „სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეეძლო და „საწვავის ქართულ ბაზარზე არსებით დეფიციტზე“ მიუთითებენ.
„КГБ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თხოვნით მიმართავს, დაეხმარონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საზიანოდ საზღვარზე უკანონო ქმედებებში მონაწილე კრიმინალური ელემენტების ქსელის შემდგომ იდენტიფიცირებაში“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ცხინვალის КГБ-ს ცნობით, „კონტრაბანდისტების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის განეიტრალების ღონისძიებები“ განხორციელდა რუსეთის "ეფესბეს" სასაზღვრო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
ქართული მხარე ჯერ არ გამოხმაურებია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას.