Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მიიჩნევს, რომ გენერლების პოლიტიკაში ჩართვა ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს უქმნის


"თუ სამხედრო გადაწყვეტს პოლიტიკაში ჩართვას, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ომთან აღარაფერი ესაქმება"- ზელენსკი
"თუ სამხედრო გადაწყვეტს პოლიტიკაში ჩართვას, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ომთან აღარაფერი ესაქმება"- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერლები გააფრთხილა, რომ პოლიტიკაში ჩართულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას. ამის შესახებ მან The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამ კონტექსტში ზელენსკიმ გაიხსენა ის გენერლები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან, გამოჩნდნენ უკრაინის პოლიტიკაში.

"სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სამხედროებს პოლიტიკისკენ უბიძგებენ. ეს იყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სურდა, რომ მისი წევრი გამხდარიყო სამხედრო, ომის ვარსკვლავი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო," - მოჰყავს გამოცემას ზელენსკის სიტყვები.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ სამხედრო გადაწყვეტს პოლიტიკაში ჩართვას, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ომთან აღარაფერი ესაქმება.

"თუ ომს აწარმოებთ იმ მოსაზრებით, რომ ხვალ პოლიტიკაში ან არჩევნებში ჩაერთვებით, მაშინ სიტყვებით და საქმითაც ფრონტზე პოლიტიკოსივით მოიქცევით და არა სამხედროსავით, რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომაა", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარება გამორიცხა და კატეგორიულად განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში ეს უკანონოა, შეუძლებელია და ქვეყანას გაყოფს ომის დროს, როცა ხალხი რუსულ აგრესიასთან ბრძოლაზეა ორიენტირებული.

  • ნოემბრის დასაწყისში The Economist-ში გამოქვეყნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სვეტი, რომელშიც მან „ჩიხური“ უწოდა უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ "არ არის მოსალოდნელი ღრმა და ლამაზი შეტევა".
  • მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი ირიბად შეეწინააღმდეგა გენერალს და თქვა: „ეს არ არის ჩიხი“, მაგრამ ამავე დროს აღიარა, რომ წარმატებული შეტევისთვის უკრაინას სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები.
  • ამ განცხადებებმა გამოიწვია სპეკულაციები ზალუჟნისა და ზელენსკის შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების პროგრამა „სვობოდა LIVE-ის" ეთერში უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

XS
SM
MD
LG