Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთვლის წინ დაფუძნებული კომპანია მევენახეებს ყურძნის საფასურს არ უხდის


50-მდე მევენახე ფერმერმა კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან სოფელ წინანდალში იმ შენობის წინ გამართა აქცია, რომელიც შპს „ართეგს“ ჰქონდა დაქირავებული და მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ყურძნის საფასურის ანაზღაურებას მოითხოვენ.

აქციაზე მისულებმა თქვეს, რომ აგვისტოსა და სექტემბერში კომპანიას საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარეს. თანხა ჩაბარებიდან მაქსიმუმ 20 დღეში უნდა მიეღოთ, თუმცა პირველი ოქტომბრის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან კომპანიის წარმომადგენელს, ვისთანაც მანამდე ჰქონდათ კომუნიკაცია. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, ადგილზე კი არცერთი პასუხისმგებელი პირი არ იმყოფება.

მევენახეები კუთვნილი თანხის ჩარიცხვას მოითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00

შპს „ართეგის“ მეპატრონესთან, გიორგი სალიასთან, დაკავშირება რადიო თავისუფლებამაც სცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

შპს „ართეგის“ შესახებ ღია წყაროებში მწირი ინფორმაცია იძებნება. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ართეგი“ 2023 წლის 12 სექტემბერს, რთვლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაარეგისტრირა გიორგი სალიამ. ის არის კომპანიის 100-პროცენტიანი წლის მფლობელი და დირექტორი.

საპროტესტო აქციაში მონაწილეთა შორის იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის მკვიდრი ალექსანდრე აბესაძე. სექტემბრის ბოლოს მან კომპანიას 90 ტონა საფერავი ჩააბარა - ქარხნისგან 130 000 ლარი აქვს მისაღები.

"ჩემს მთელი წლის ნაშრომს ვითხოვ, 90 ტონა ჩავაბარე და ფული ყველაზე გვიან, უნდა მოეცათ 26 ოქტომბერს, თუმცა ამ დრომდე ველოდები. ბანკის ვალები მაქვს, ყოველდღე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დავალიანებაა დასაფარი. ბანკიდან ფული რომ ავიღე, მიწის ნაკვეთები ჩავდე. იმ პარლამენტში რომ სხედან და ერთმანეთში ჩხუბობენ, ჯობია, ჩხუბის ნაცვლად ჩვენ მოგვხედონ. ვინმე გვეტყვის ჩვენ, რა გავაკეთოთ, მომავალ წელს აღარ მოვიყვანოთ ყურძენი, თუ რას გვეუბნებიან?! გვინდა მთავრობამ გაიგოს ჩვენი ხმა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მევენახე ალექსანდრე აბესაძემ.

აქციაზე მყოფთა თქმით, შპს „ართეგს“ საერთო ჯამში 370 მევენახისთვის 1700 ტონა ყურძნის საფასური აქვს გადასახდელი, რაც, მათი დათვლით, 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია. დაზარალებულთა შორის არის გიორგი ლოლაძე, სოფელ დიდი ჩაილურიდან. მან კომპანიას 14 ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა და მისაღები აქვს დაახლოებით 20 ათასი ლარი. მევენახე ამბობს, რომ თუ კომპანიამ დავალიანება დროულად არ გადაიხადა, ბანკის ვალს ვერ დაფარავს და შესაძლოა, ქონებაც დაკარგოს. ფერმერის თქმით, მათი პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩაერთვებიან.

შენობა წინანდალში, სადაც შპს "ართეგმა" მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა
შენობა წინანდალში, სადაც შპს "ართეგმა" მევენახეებისგან ყურძენი ჩაიბარა

"გამოდის, რომ კომპანია, ვისაც ყურძენი ჩავაბარეთ, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ფულის გადახდაზე. ბანკის ვალები გვაქვს და ჩვენც გვაწუხებენ, დროზე გადაიხადეთო. რა გავაკეთოთ, ვინმე გვეტყვის?! რთველს ხომ სახელმწიფო ატარებს ხოლმე და ახლაც აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე და მოგვხედონ - ან კრედიტი მისცენ კომპანიას, ან სხვა რამე მოიფიქრონ! მე მგონია, რომ თუ გუბერნატორი და პრემიერ-მინისტრი არ ჩაერია ამ ამბავში, არაფერი გამოვა. თუ ფული არ მქონდა, როგორ მოვიყვანო მომავალ წელს მოსავალი... ჩვენც ჩავიძირებით, ალბათ".

წინანდალში შეკრებილი მევენახეები ადგილზე კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელის მისვლას მოითხოვდნენ, თუმცა გაარკვიეს, რომ რწმუნებული შვებულებაში იყო და მათ ვერ შეხვდებოდა. ამის შედეგ ფერმერებმა თელავში მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. აქ არის განთავსებული სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც. დაცვის თანამშრომლები თავდაპირველად მათ რწმუნებულის ადმინისტრაციაში არ უშვებდნენ, მოგვიანებით კი დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი. მან საკუთარ კაბინეტში 10-მდე მევენახე მიიღო, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა პრობლემის შესახებ იციან და მის მოგვარებაზე მუშაობენ.

გივი მეტრეველი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
გივი მეტრეველი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

„არაკეთილსინდისიერი მყიდველის გამო ეს ხალხი დაზარალდა და ერთი თვის წინ მისაღები თანხა დღემდე არ აუღიათ. ეს, რა თქმა უნდა, არის პირადი დავა შემსყიდველსა და მევენახეს შორის, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულია ამ საკითხის გადაწყვეტაში. არის ერთი გზა, რომ სხვა მყიდველი გამოჩნდეს, რომელიც შეისყიდის ამ ღვინოს და ღირებულებას აუნაზღაურებს მოსახლეობას. არის კიდე მეორე ფორმა: შეიძლება კრედიტი გამოეყოს ღვინის ქარხანას... ჩვენ მევენახეებს ვპირდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოვუგვაროთ ეს პრობლემა“, - თქვა გივი მეტრეველმა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მევენახეებს პრობლემის შესახებ ერთობლივი განცხადება დააწერინეს. როგორც მათ განაცხადეს, წერილზე პასუხი პარასკევს უნდა მიიღონ. დაზარალებული ფერმერები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემა მოკლე დროში ვერ მოგვარება, საპროტესტო აქციას თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართავენ.

შპს "ართეგმა" ყურძენი რთვლის პერიოდში ჩაიბარა წინანდლის ღვინის ქარხანაში, რომელიც დაქირავებული ჰქონდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ართეგს" ქირის საფასური არც ქარხნისთვის არ გადაუხდია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG