Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარი: ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყების დრო 24 საათში გამოცხადდება


ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმის პასუხად

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყების დრო 24 საათში გამოცხადდება. ეს გაირკვა შუამავალი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 22 ნოემბერს, გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებიდან.

კატარი წარმატებულს უწოდებს თავის საშუამავლო ძალისხმევას, რომელსაც ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მიმართა და შედეგად მიაღწია ისრაელის და „ჰამასის“ შეთანხმებას „ჰუმანიტარული პაუზის" შესახებ.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 50 სამოქალაქო პირის, ქალების და ბავშვების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელი ქალების და ბავშვების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ. კატარის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება შეთანხმების რეალიზაციის შემდეგ ეტაპებზე.

გარდა ამისა, „ჰუმანიტარული პაუზის“ დროს გაიზრდება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.

თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის - ქალების და არასრულწლოვანების გათავისუფლება. ისრაელს ამ პუნქტის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG