Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“


საილუსტრაციო ფოტო. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის" თვითმფრინავი
საილუსტრაციო ფოტო. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის" თვითმფრინავი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს გამოაცხადა, რომ ჩაატარა „რთული და წარმატებული კიბერსპეცოპერაცია“, რომლის სამიზნე იყო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად წვდომა მოიპოვა „როსავიაციის“ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე, რომლებიც ცხადყოფენ, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოპოვებული დოკუმენტებით, რომელთა შორის ყოველდღიური ანგარიშებიცაა, ირკვევა, რომ რუსეთში უკვე სისტემური ხასიათი მიიღო თვითმფრინავების ძრავის, შასის და ფრთის გაუმართაობით გამოწვეულმა ინციდენტებმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მოიცვა სამოქალაქო ავიაციის სფეროც. მათ შორის აკრძალულია რუსეთისთვის თვითმფრინავების და მათი ნაწილების მიწოდება, ავიალაინერების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში რუსეთის სამოქალაქო ავიაციამ დააფიქსირა 185 შემთხვევა, რომელთა მესამედი სხვადასხვა დონის საფრთხის შემცველი იყო. 2023 წლის პირველ 9 თვეში აღრიცხულია თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(50 შემთხვევა) სამჯერ მეტია.

რუსული კომპანიების ავიაპარკი დიდწილად უცხოეთში წარმოებული თვითმფრინავების, მათ შორის Boeing-ებისა და Airbus-ებისგან შედგება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ტექნიკურად თვითმფრინავების ადგილზე მომსახურების სიმძლავრეების და სპეციალისტების ნაკლებობის გამო, რუსეთი ცდილობს ეს მომსახურება მიიღოს ირანისგან, სადაც სამუშაოები კუსტარულად, შესაბამისი სერტიფიცირების გარეშე ტარდება.

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, რუსეთის განკარგულებაში იყო 820-მდე უცხოური თვითმფრინავი და თუ იმ პერიოდში არასერტიფიცირებული მომსახურება მხოლოდ 10%-მა მიიღო, დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ია. გარდა ამისა, ნაწილების მწვავე დეფიციტის გამო გაიზარდა ერთი თვითმფრინავის შესაკეთებლად სხვა ავიალაინერის ნაწილებად დაშლის შემთხვევები და 2023 წლის შუა პერიოდისთვის რუსეთში „დონორად“ გამოიყენეს თვითმფრინავების 35%-ზე მეტი.

მხოლოდ 2023 წლის იანვარში, რუსეთის განკარგულებაში არსებული 220 Airbus-იდან 19-ს სხვადასხვა სახის გაუმართაობა ჰქონდა. მათ შორის 9 თვითმფრინავში, რომლებსაც ავიაკომპანია „აეროფლოტი“ იყენებს, დაკვამლიანების 17 შემთხვევა იყო. 230 Boeing-იდან ტექნიკური პრობლემები შეექმნა 33-ს.

უკრაინის დაზვერვის ცნობითვე, Ан-2 ტიპის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების უმრავლესობას აფრენა აღარ შეუძლია, რადგან მათთვის ძრავებს პოლონეთში აწარმოებდნენ, ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების გამო კი რუსეთისთვის ძრავების მიწოდება შეწყდა.

რუსეთს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG