Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მებრძოლებზე ღამღამობით თაგვები დარბიან.“ რუს მობილიზებულთა ცოლები ქმრების უკან დაბრუნებას ითხოვენ


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთში მობილიზებული სამხედროები
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთში მობილიზებული სამხედროები

სამარის რეგიონიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა მიმართეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსანდრ ხინშტეინს თხოვნით, დაუბრუნონ ქმრები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან (ასე უწოდებს რუსეთის ოფიციოზი სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ). როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს, რუსი ქალები გაერთიანდნენ საინიციატივო ჯგუფში, რომლის წარმომადგენლებიც დეპუტატს შეხვდნენ.

ზოგიერთმა ქალმა აღნიშნა, რომ მათი მეუღლეები ერთ წელზე მეტია წინა ხაზზე არიან და რთულ პირობებში უხდებათ სამსახურის გავლა.

ფრონტის ყოველდღიურ პრობლემებს შორის სამხედროების ცოლებმა დაასახელეს ასევე თაგვები, რომლებიც აწუხებენ მათ ახლობლებს და ანადგურებენ მათ ქონებას. "თაგვები ღამით მებრძოლების გარშემო, პირდაპირ საძილე ტომრებში დარბიან. მღრღნელები ჭამენ საკვებს და აფუჭებენ საბრძოლო მასალას. ამ დროს ბევრი რამ ჩვენ თავად ვიყიდეთ. როგორ მოვიქცეთ?" - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

გარდა ამისა, მობილიზებულ სამხედროთა ცოლების თანახმად, ფრონტზე ყოფნის დროს მათი ქმრები კარგავენ კვალიფიკაციას, როგორც სამოქალაქო სპეციალისტები.

დეპუტატმა ხინშტეინმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეახსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მობილიზებულები სტატუსს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე შეინარჩუნებენ. მაგრამ რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა ქალებს პირობა მისცა, რომ მათ მიმართვებს თავდაცვის სამინისტროს გადასცემს.

  • მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის უწყების მიერ მობილიზებულმა რამდენიმე მოქალაქემ უარი თქვა ბრძანებების შესრულებაზე და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „საშტურმო ბრიგადაში“ ჩართეს და წინა ხაზზე შესაბამისი მომზადების გარეშე გაუშვეს.

XS
SM
MD
LG