Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრემიერი კიევში ჩავიდა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ინტენსიური დაბომბვის ფონზე


ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. 12 თებერვალი, 2023 წელი
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. 12 თებერვალი, 2023 წელი
24 ნოემბერს კიევში ჩავიდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
"კიევში პატივი მივაგე კაცებსა და ქალებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: არსებობას და ცხოვრებას თავისუფლების პირობებში", - დაწერა შიმონიტემ X-ზე და იქვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გვირგვინით ამკობს რუსეთთან ომში მებრძოლი უკრაინელების მემორიალს.
"მათ თავიანთი სიცოცხლე ყველა ჩვენგანის დასაცავადაც გაწირეს, - დაწერა შიმონიტემ და დასძინა, - ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის უკრაინის დახმარება, რომ მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, სრულად აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ემსახუროს საერთაშორისო მართლმსაჯულებას და აღდგენის შემდეგ იყოს უფრო ძლიერი“.
ლიეტუვის მედიამ 23 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიმონიტე უკრაინაში ოთხ დღეს გაატარებს, თუმცა არ დაუზუსტებია მისი გრაფიკის დეტალები.
ამავე დროს, არსებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს რუსეთმა განაგრძო უპილოტო საფრენი მოწყობილობებით დარტყმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
24 ნოემბრის მონაცემებით, უამინდობის, ტექნიკური დარღვევებისა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში 635 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ურთულესი ვითარებაა ლვოვის, ვოლინის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში. დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ტექნიკური მიზეზების გამო, თითქმის 46 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ აღდგენითი სამუშაოების შედეგად ბევრგან განახლდა ენერგიით მომარაგება.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების გამო ხარკოვის რეგიონში დღის განმავლობაში ორი დაბალი წნევის გაზსადენი დაზიანდა. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს ქვეყნის სამხრეთით, რის შედეგადაც დაზიანდა მისი აღჭურვილობა. მსხვერპლი არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG