Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Frontex-ი ფინეთს საზღვრის დაცვაში დაეხმარება


 ფინეთ-რუსეთის საზღვრის გამშვები პუნქტი ლაპეენრანტა. 15 ნოემბერი, 2023 წელი
ფინეთ-რუსეთის საზღვრის გამშვები პუნქტი ლაპეენრანტა. 15 ნოემბერი, 2023 წელი

საზღვრების დაცვის ევროპული სააგენტო - Fontex-ი აპირებს, ფინეთში გაგზავნოს 50 მესაზღვრე და სხვა თანამშრომლები, ამ ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მას შემდეგ, რაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომლებიც რუსეთიდან კვეთენ საზღვარს.

ამ ტალღამ უკვე აიძულა ფინეთი, დაეხურა თითქმის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი რუსეთთან თავისი 1340-კილომეტრიანი საზღვრის გაყოლებაზე.

Yle-ის ცნობით, დახურვის წინ, 23 ნოემბერს, ვარტიუსისა და სალას გადასასვლელებზე თავშესაფარი 100-მდე ადამიანმა ითხოვა; ესენი იყვნენ ეგვიპტის, ერითრეის, ეთიოპიის, იემენის, მაროკოს, პაკისტანის, სომალის, სუდანისა და სირიის მოქალაქეები.

ღია დარჩება მხოლოდ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - "რაია-იოსეეპიი" (რუსეთის მხრიდან - "ლოტა"). ის მდებარეობს ჩრდილოეთით, მურმანსკიდან 240 კილომეტრში. ჯერჯერობით, მესაზღვრეების თქმით, იქ სიმშვიდეა, მაგრამ ფინეთის ხელისუფლება მიგრანტების ტალღისთვის ემზადება.

Frontex-ის 23 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის გამაგრებისთვის აპირებს მნიშვნელოვანი ძალები გაგზავნოს ადგილზე. სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირას, 29 ნოემბერს, ფინეთში ჩავა ჯგუფი, რომელიც დაემატება უკვე იქ მყოფ 10-კაციან მისიას.

დამატებითი ჯგუფში შედიან სასაზღვრო მეთვალყურეობის ოფიცრები, მიგრანტთა რეგისტრაციის სპეციალისტები, დოკუმენტების ექსპერტები და თარჯიმნები, განაცხადა Frontex-მა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე ვითარება გავლენას ახდენს მთელი ევროკავშირის უსაფრთხოებაზე და აღნიშნულია, რომ Frontex-ის ჩართვა გულისხმობს ჰუმანიტარულ მხარეს, განსაკუთრებით მკაცრ კლიმატურ პირობებში, რისთვისაც ჩასულები მომზადებული არ არიან.

ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ათასი უცხოელი ცდილობდა რუსეთიდან ფინეთში ჩასვლას საჭირო დოკუმენტების გარეშე.
XS
SM
MD
LG