Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე დიდი აისბერგი დაიძრა - ნიუ-იორკზე 3-ჯერ დიდი


აისბერგი ანტარქტიდაში
აისბერგი ანტარქტიდაში

ადგილიდან დაიძრა მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, რომელიც, ფართობით, ნიუ-იორკს თითქმის 3-ჯერ აღემატება, - ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "როიტერსი", მეცნიერებზე დაყრდნობით.

ანტარქტიდის აისბერგის - A23a-ის ფართობი თითქმის 4000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

1989 წლიდან, როდესაც A23a ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს მოსწყდა, აისბერგი, რომელზეც ერთ დროს საბჭოთა კავშირის კვლევის სადგური იყო განთავსებული - უედელის ზღვაში, მეჩეჩს წამოედო და მოძრაობა შეაჩერა.

თუმცა ამჟამად, თანამგზავრიდან გადაღებულ უახლეს ფოტოებზე მეცნიერები ხედავენ, რომ აისბერგი ისევ დაიძრა და სწრაფად მოძრაობს, რაშიც მას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და წყლის დინება.

ბრიტანელი მეცნიერი, ოლივერ მარში "როიტერსს" ეუბნება, რომ ამ სიდიდის აისბერგის მოძრაობის მეთვალყურეობა, მისი ტრაექტორიის დასადგენად, მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუმცა ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი ნაწილებად დაიშალოს ისევე, როგორც ეს A68-ს შემთხვევაში მოხდა. 2020 წელს, არ გამართლდა ექსპერტების შიში, რომ A68 სწორედ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეეჯახებოდა.

XS
SM
MD
LG