Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამარცხვინო მანიფესტაცია და არაკაცობა - მელიას თანამოაზრე ხაბეიშვილის გადაწყვეტილებაზე


ფოტოკოლაჟი: ნიკა მელია (მარცხნივ) და ლევან ხაბეიშვილი
ფოტოკოლაჟი: ნიკა მელია (მარცხნივ) და ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრე და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი გიორგი იმედაშვილი სამარცხვინოს უწოდებს პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც ნიკა მელიას შეეხებოდა. ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში ისაუბრა გუშინ, 26 ნოემბერს.

პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, კერძოდ, თქვა, რომ ნიკა მელია მისი თანაპარტიელი აღარ არის.

"ეს რვა თვის წინ რომ გამეგო, ვიტყოდი, რომ იყო მოულოდნელი... ეს იყო სირცხვილი, ბოლშევიკური მეთოდებით პირდაპირ ეთერში - სამარცხვინო, დამამცირებელი მანიფესტაცია. საბოლოო ჯამში, იყო არაკაცობა... როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ესეც იყო დიდი და სახალხო პარტია, რომელსაც აერთიანებდა პროდასავლური ღირებულებები და ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ იმის იქეთ ბევრი განსხვავებული აზრები არსებობდა...

ჩვენ დისკუსია გვექნება, მათ შორის იმ ხალხთან, ვინც იმ მხარედ მოიაზრება. დამიჯერეთ, ბევრი ადამიანი დაიწვა სირცხვილით, როცა ეს კადრები ნახეს", - უთხრა გიორგი იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ხაბეიშვილმა კვირას „ფორმულის“ ღამის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა მან.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, „თქვენ გარიცხეთ? გაუშვით“, პასუხად ხაბეიშვილმა თქვა: „თქვენ თუ კონკრეტული საბუთი გაინტერესებთ, მოგვწერეთ, იურიდიულად თუ გინდათ, და გიპასუხებთ, და საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი და არ წარმოადგენს პარტიას“.

„მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, - თქვა ხაბეიშვილმა.

თუმცა ნიკა მელიას მსგავსი რამ არ განუცხადებია.

ჯერჯერობით მელიას ხაბეიშვილის ნათქვამზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

XS
SM
MD
LG