Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა კონცერტით გეგმავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების აღნიშვნას


ფოტო არქივიდან: თბილისი. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია
ფოტო არქივიდან: თბილისი. ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დეკემბერში, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, კონცერტი გაიმართება. მან დღეს, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ღონისძიება 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა დაამტკიცებს დეოლიგარქიზაციის გეგმას, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისია წერს, რომ ამ რეკომენდაციით გამოდის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განსაზღვრული „12 პრიორიტეტისა და უფრო ფართო კონტექსტში მიღწეული შედეგების“ გათვალისწინებით.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG