Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალს დანის ტარი ჩაარტყა და ხელი გაარტყა - პროკურატურამ კაბუს ბრალი წაუყენა


კაბუ, კახა აბუაშვილი
კაბუ, კახა აბუაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ქალზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენა მომღერალ კაბუს - კახა აბუაშვილს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა...

ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქალმა მანქანით გადაადგილებისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, შენიშნა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და პოლიციელებს დახმარება სთხოვა:

"პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს".

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კაბუ მანქანაში ინახავდა "პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს".

კახა აბუაშვილს ბრალი წაუყენეს:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) - 2 წლამდე პატიმრობა;
  • 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) - 1 წლამდე პატიმრობა;
  • 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) - 6 წლამდე პატიმრობა.

პროკურატურა სასამართლოს კაბუსთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სთხოვს.

კაბუს დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ნოემბერს, გავრცელდა.

XS
SM
MD
LG