Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი ირწმუნება, რომ მზვერავი თანამგზავრიდან ფოტოები გადაუღო თეთრ სახლს და პენტაგონს


საილუსტრაციო ფოტო. ფხენიანის სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, 2022 წლის აპრილში გადაღებული ეს ფოტო ასახავს კიმ ჩენ ინის დასწრებას ახალი სახეობის ტაქტიკური იარაღის გამოცდაზე
საილუსტრაციო ფოტო. ფხენიანის სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, 2022 წლის აპრილში გადაღებული ეს ფოტო ასახავს კიმ ჩენ ინის დასწრებას ახალი სახეობის ტაქტიკური იარაღის გამოცდაზე

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გამოყენებისთვის ამზადებს მზვერავ კოსმოსურ თანამგზავრს, რომლის მართვის ტესტირება გრაფიკს „1-2 დღით უსწრებს". ფხენიანის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტოს მიერ დღეს, 28 ნოემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა ქვეყნის მეთაურს, „პატივცემულ ამხანაგ“ კიმ ჩენ ინს.

ფხენიანის თანახმად, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში და ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტო არ ახლავს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო იმასაც წერს, რომ ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი.

ფხენიანის ამ განცხადებას ვაშინგტონისგან რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ტოტალიტარულმა ჩრდილოეთმა კორეამ 22 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კოსმოსში „წარმატებით" გაუშვა რაკეტა მზვერავი თანამგზავრით. მისი შესაძლებლობები დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

25 ნოემბერს ფხენიანის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ კიმ ჩენ ინს აჩვენეს თანამგზავრის მიერ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულისთვის გადაღებული ფოტოები.

XS
SM
MD
LG