Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ადასტურებს ბუდანოვის ცოლის მოწამვლას


მარიანა ბუდანოვა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის ცოლი
მარიანა ბუდანოვა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის ცოლი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ცოლის, მარიანა ბუდანოვას მძიმე მეტალებით მოწამვლის შესახებ.

დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ მედიით გავრცელებული ცნობები სიმართლეა. იუსოვის თანახმად, მარიანა ბუდანოვა მძიმე მეტალებით მოწამვლის გამო გადის მკურნალობის კურსს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ სპეცსამსახურების ანონიმ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მარიანა ბუდანოვა თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ანალიზმა მის ორგანიზმში მძიმე მეტალის კვალი დაადასტურა.

წყაროების თანახმად, აღმოჩენილი ნივთიერება საყოფაცხოვრებო ან სამხედრო მიზნებით არ გამოიყენება და ორგანიზმში მისი არსებობა მიზანმიმართულ მოწამვლაზე მიუთითებს.

ვარაუდობენ, რომ ბუდანოვას ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება საკვებიდან მოხვდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ცოლი უკრაინის შსს-ს აკადემიის იურიდიული ფსიქოლოგიის კათედრის პედაგოგია. 2023 წლის აგვისტოში კირილო ბუდანოვმა რადიო თავისუფლების პროექტ Крым.Реалии-ს უამბო, რომ უსაფრთხოების მიზნით, მარიანა მასთან ერთად სამუშაო კაბინეტში ცხოვრობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.

XS
SM
MD
LG