Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ში ცვლილებების მოთხოვნის ფონზე პარტია პოლიტსაბჭოს შემადგენლობას აფართოებს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფონზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას აპირებს. 29 ნოემბერს, დილის 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არის ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უკვე მიღებულია და პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების საკითხით თავად საბჭოს მიმართავს დღეს, 16 საათზე.

"დღეს, 16:00 საათის შემდეგ, როცა პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება იმ ადამიანების შესახებ, ვინც მანიფესტს უერთდება და შესაბამისად, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი იქნება [...] ყველა ის ადამიანი, ვინც ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი იყო და მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს შეუერთდება, გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ეს პირები ისევ პოლიტსაბჭოში იყვნენ და 'ნაციონალური მოძრაობა' წარმოადგინონ", - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრები გახდებიან ირაკლი ეძგვერაძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა წამალაშვილი და გია ჭანტურია.

ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგის პარალელურად განცხადება გააკეთეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა წევრებმაც. მათი შეფასებით, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის მოქმედმა მენეჯმენტმა "მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები" გადადგა და საჭიროა თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნების დანიშვნა.

"ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის. ამიტომ მოგიწოდებთ, ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან", - ასე მიმართა ბესიკ გაზდელიანმა ლევან ხაბეიშვილს.

ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებიც ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, ახალციხის, კასპის, ხობის საკრებულოებში. პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ამ მოთხოვნის პასუხად თქვა, რომ თავმჯდომარის არჩევნები წელიწადში რამდენჯერმე ვერ გაიმართება.

ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილოები მიიჩნევენ, რომ პარტიაში უნდა მოხდეს სრული გადატვირთვა და ენმ გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. ისინი, ძირითადად, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მცარდამჭერები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა 20 ნოემბერს, საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას. მან, კერძოდ, თქვა, რომ პარტიამ იჩქარა პოლიტსაბჭოდან არაერთი ადამიანის გაშვება.

"მე მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით. ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პოლიტსაბჭო 2023 წლის დასაწყისში, 5 თებერვალს, დაამტკიცა - პარტიის რამდენიმე წევრმა მაშინვე გააკრიტიკა ეს პროცესი, როგორც არადემოკრატიული.

ემნ-ის პოლიტიკური საბჭო 5 თებერვალს ამ შემადგენლობით დამტკიცდა: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.
საბჭოს ფორმირებიდან რამდენიმე დღეში პარტია დატოვეს ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ.

XS
SM
MD
LG