Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო უწყება მოიერიშე რაზმებისთვის ქალებს ქირაობს - „ვაჟნიე ისტორიი“


რუსული სამხედრო ფორმირება "ესპანოლა", რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის" ნაწილია, ქირაობს ქალებს არა მხოლოდ სნაიპერთა, მეკავშირეთა და მედიკოსთა, არამედ მოიერიშე რაზმებისთვის. მათ ასევე სთავაზობენ კონტაქტებს ის ქვედანაყოფები, რომლებიც დაკავშირებულია რადიოელექტრონულ ბრძოლასა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებასთან.

ამის შესახებ წერს საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“.

გამოცემამ ყურადღება მიაქცია „ესპანოლის“ ტელეგრამის არხში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც შეეხება დაქირავებული სამხედრო მოსამსახურე ქალის დაჯილდოებას. პუბლიკაციის თანახმად, მებრძოლი მეტსახელით „გროზა“ უკრაინაში, კერძოდ, ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დანაყოფ „ესპანოლის“ შემადგენლობაში, „სპეცდაზვერვის ჯგუფში“ იმყოფებოდა და ცეცხლის კორექტირებას ახდენდა.

„ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტი დაუკავშირდა „ესპანოლის“ ტელეგრამის არხის ერთ-ერთ ადმინისტრატორს და უთხრა, რომ დანაყოფის წევრობა სურს და პირობები აინტერესებს. პასუხად ადმინისტრატორმა აუწყა, რომ პირველი კონტრაქტი ნახევარ წელიწადს მოიცავს და რომ პირველი ორი თვე ეთმობა წვრთნას და და დაკომპლექტებას. „ამ პერიოდში ანაზღაურება არის 110-120 ათასი რუბლი (დაახლოებით $1350). შემდგომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ეს თანხა ორჯერ იზრდება. მეორე კონტრაქტის გაფორება შესაძლებელია სამი თვიდან და იგი ინდივიდუალურად განიხილება", - უთხრა გამოცემას ადმინისტრატორმა. მისივე განმარტებით, პირველი კონტრაქტის ხელმოწერა ითვალისწინებს 50 ათასი რუბლის გადახდას. დაჭრის შემთხვევაში, მოხალისე ქალი 1-დან 3 მილიონამდე რუბლს მიიღებს, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში, განკუთვნილი თანხა, 5 მილიონი რუბლი, მის ახლობლებს გადაეცემა. ეს თანხა არ განსხვავდება დაქირავებული მამაკაცებისთვის განკუთვნილი ოდენობისგან.

სამხედრო ფორმირება „ესპანოლა" რუსეთის ფეხბურთის ფანატების, მათ შორის მემარჯვენე-რადიკალური შეხედულებების მიმდევრების მიერ არის ორგანიზებული. მასში მინიმუმ 150 კაცი შედის. თავდაპირველად „ესპანოლა“ წარმოადგენდა „მოხალისეთა დანაყოფს“, შემდეგ გარკვეული ხნით შეუერთდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, შემდეგ კი გადავიდა კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ დაქვემდებარებაში. რადიო თავისუფლების პროექტ „სისტემის“ გამოძიებით, თავის მხრივ, „რედუტი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამმართველოს ექვემდებარება.

უფრო ადრე „ვაჟნიე ისტორიიმ“ გაარკვია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ქალების გადაბირება კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ შემავალმა სხვა ბატალიონმა, „ბორზმაც“, დაიწყო. როგორც გამოცემის ჟურნალისტებს აცნობა „ბორზის“ ერთ-ერთმა გადამბირებელმა, ბატალიონის შემადგენლობაში იგეგმება ქალების ორი რაზმის შექმნა - სნაიპერებისა და უპილოტო მფრინავი აპარატების ოპერატორების.

XS
SM
MD
LG